სამოთხე დედამიწაზე, ანუ პირველი მოგზაურობა დაშ-ბაშის კანიონის გარშემო​

 – გინახავთ სამოთხე დედამიწაზე?.. არა?.. აი, მე მინახავს. ჰოდა, თქვენც განახებთ… მაშ, ასე: ულამაზესი და შთამბეჭდავი მოგზაურობისთვის მოემზადეთ!

ჰო, ერთსაც გეტყვით: სამოთხეში სამოგზაუროდ განსაკუთრებული მომზადება არ გჭირდებათ, ანუ არც ვიზაზე „ჩალიჩი“ დაგჭირდებათ და თუკი საკუთარი ავტო არ გყავთ, მგზავრობაც, სულ რაღაც, 20 ლარი დაგიჯდებათ (ათ ლარს წასვლაში გადაიხდით, ათს კი – უკან დაბრუნებაში). ეს როგორო? – იკითხავენ სკეპტიკოსები. როგორ და, ძალიან მარტივად – მეტროსადგურ „ავლაბართან“ მიხვალთ, საიდანაც ყოველ დღე, 10:00 საათზე სამარშრუტო ტაქსი გეზს წალკის მუნიციპალიტეტისკენ, კერძოდ, წალკის კანიონისკენ იღებს. 

სხვათა შორის, წალკაში პირველად რამდენიმე, დაახლოებით, ათი წლის წინ ვიყავი. მახსოვს, ძველისძველი სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე და ვიდრე დანიშნულების ადგილას ჩავიდოდი, გული კინაღამ რამდენჯერმე შემიღონდა – ე.წ. მოხრეშილი გზა დაუსრულებლად გრძელდებოდა და მართალია, თბილისიდან წალკამდე 94 კილომეტრია, დედაქალაქიდან დილით გასული წალკაში შებინდებისას ძლივს ჩავედი. ახლა კი, ეს დისკომფორტი არ შეგემნებათ, რადგან დაშ-ბაშის კანიონამდე, როგორც იტყვიან, გაზიმზიმებული გზა მიდის და, სულ რაღაც, საათსა და 30, მაქსიმუმ, 40 წუთში სამოთხეში აღმოჩნდებით.  

სხვათა შორის, ბუნების ამ საოცრებას დაშ-ბაშის კანიონსაც ეძახიან.  რა საჭიროა ეს ორი სახელი? – საქმე აქაც მარტივადაა: წალკის კანიონი სოფელ დაშ-ბაშის მეზობლადაა და, შესაბამისად, დაშბაშის კანიონი ამიტოამც შეარქვეს.  სხვათა შორის, დაშბაშს ადრე ახალქალაქი რქმევია. მე-19 საუკუნის ბოლოს კი, კერძოდ, რუსეთის 1898 წლის ერთვერსიან რუკაზე სოფლის სახელწოდებად „ტაშ-ბაში“ („Ташбашъ“) ფიქსირდება. ტაშ-ბაშში ორი ეკლესიაა. ერთი – ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარეობს, თლილი ქვით ნაგები უგუმბათო ერთკამარიანი შენობაა. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას ეკლესია მე-19 საუკუნეში, ანუ იმ დროს აუშენებია, როცა მხარეს რატი ერსითავთ-ერისთავი მართავდა. ამ ლეგენდას ეკლესიის საპირე ქვებზე ასომთავრულით ამოკვეთილი  ლაპიდარული ტექსტების ფრაგმენტებიც ამყარებს. დღეს ღვთისმშობლის ეკლესია დანგრეულია – სახურავი ჩამოქცეულია, ჩრდილოეთის კედელი მთლიანად მორღვეულია და მხოლოდ აფსიდიღაა შემორჩენილი…  ადრე, ეკლესიის ეზოში, როგორც ამბობენ, წარწერიანი ქვები ყოფილა… ეკლესიის არქიტექტურული დეტალები და ძველი სამშენებლო ქვები ამჟამად ეკლესიის აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთითაა დასაწყობებული…  სხვათა შორის, დაშ-ბაში სხვადასხვა დროს თრიალეთის ერისმთავართა, საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი ყოფილა…რაც შეეხება სოფლის მეორე – წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელიც  „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. წმინდა გიორგის ტაძარი დაშ-ბაშის და, საერთოდ, ამ მხარის ერთ-ერთი მთავარი შენობაა. ეკლესია, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის, რატის დაკვეთით აუგიათ, დაშ-ბაშის, ანუ წალკის კანიონს გადაჰყურებს. მართალია, ნაგებობა დაზიანებულია და გუმბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრამ ამის მიუხედავად, დაშბაშელები  თავიანთი კუთხის გაცნობას სწორედ ამ ეკლესიაზე საუბრით იწყებენ და არც იმის თქმა ავიწყდებათ, რომ ეკლესიის ეზოში დიდი ქვის ჯვარია.  სხვათა შორის, დაშ-ბაშის წმინდა გიორგის ეკლესიას 2006 წლის 11 ნოემებრს,  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დაშ-ბაშში წმინდა გიორგის კიდევ ერთი ეკლესიაა, რომელიც სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 500 მეტრში, მთაზეა აგებული. ეკლესია VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე აუგიათ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში კი ბერძნებს გადაუკეთებიათ. ეკლესია თანაბარი ზომის დამუშავებული ქვის კვადრებითაა ნაგები, თუმცა ძველი ეკლესიის ქვებიცაა გამოყენებული. ეკლესია დარბაზულ ნაგებობაა აღმოსავლეთით ნახევაწრიული აფსიდით. აფსიდში ჩრდილოეთ მხარეს ნიშია. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან არქიტრავულია.  შესასვლელის თავზე წყობაშ ქვა ჯვრის გამოსახულებითაა. სარკმელები გაჭრილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედელში. კარნიზად გამოყენებულია ძველი ეკლესიის კარნიზები. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა, რომელზეც ძველი კაპიტელი დევს, აქვეა ქვაჯვარის ერთ-ერთი მკლავი, რომელზეც ჯვრებია ამოკვეთილი.  ეკლესიის მახლობლად სამი თანამედროვე ნაგებობა დგას. ერთ-ერთს წმ. პავლეს სამლოცველოს უწოდებენ. დაშ-ბაშში ჩასულებს ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად გაჩვენებთ კიდევ ერთ უძრავ ძეგლს – თრიალეთის ახალქალქის ნამოსახლარს, რომელიც 

სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, მდინარე ქციას კანიონის თავზე მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ახალქალაქი წმ. გიორგის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაშლილ ვაკეზე ყოფილა გაშენებული. დღეს ახალქალაქის ნამოსახლარი, თანამედროვე სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ძლიერაა დაზიანებული, თუმცა ალაგ-ალაგ კედლები მაინც შეინიშნება…  საერთოდ წალკის კანინონი, ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, თავისებური ქვებითაც გამოირჩევა, ანუ აქ ყველა ქვას ერთგვარი თვალები აქვს და ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, რომ ქვები კი არა, თითქოს შორეული ნაცნობები გიმზერენ. კანიონის თავზე, ჩრდილო-დასავლეთით, დარაჯად ქვაკაცა თუ ქვაქალა „დგას“, ესე იგი, უზარმაზარი ლოდები ისეა განლაგებული, რომ ადამიანისსახიანი გამოსახულება იქმნება და ეს სანახაობა აქაურობას რაღაც მისტიკურ, ან სულაც, ზეციურ იერს აძლევს. ისე, ზეციურობა შემთხვევით არ მიხსენებია: დიახ, აქაურობა, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ნამდვილი სამოთხეა, სამოთხე, სადაც ადამიანები, ცხოველები, ფრინველები და მცენარეები, მაშასადამე, ბუნების ყველა შვილი შეხმატკბილებულად თანაცხოვრობს. აქ არამიწერია სიმშვიდეა, რომელიც შესაძლოა, მხოლოდ არწივის ფრთების ხმამ დაგირღვიოთ და მერე, როცა ისევ ფიქრებში წახვალთ, თქვენდაუებურად თვალი კანიონის გამოქვაბეულებისკენ გაგექცეთ და ინატროთ, ნეტავ, ამ გამოქვაბეულებში მამოგზაურაო.

ჰო, წარსულში მოგზაურობა კარგია, მით უმეტეს, ადგილობრივები ამბობენ, ერთი გამოქვაბული ყინულისაა, მეორეში კი ეკლესია დგასო. ყინულის გამოქვაბული არავის უნახავს, მაგრამ ხმა დადის, ზამთარ-ზაფხულ იქ სულ სიცივეაო.

აი, გამოქვაბულში აგებული ეკლესია კი ზოგიერთ დაშბაშელს ნანახი აქვს. ლეგენდები და მითები იქით იყოს და, დაშ-ბაშის მღვიმე-ქვაბთა კომპლექსი ქარაფოვან კლდეშია გამოკვეთილია, რომელიც მდინარეს, დაახლოებით, სამი მეტრის სიმაღლიდან გადაჰყურებს. გამოქვაბულთა კომპლექსი ორსართულიანია. პირველ სართულზე შემორჩენილია კარიბჭის ნაშთი. გამოქვაბულები  მომრგვალო ფორმისაა და ყველას თითო კარი აქვს. დიდ გამოქვაბულებს კი სარკმელიც აქვთ  დატანილი. გამოქვაბულების მეორე სართულზე ასვლა მარტივი არაა, თუმცა სოფელ ახალიკის მხრიდან შესაძლებელი. ისე, ბევრი გამოქვაბული განადგურებულია, რადგან ქარაფოვანი კლდე იშლება… მოკლედ, ასეთია სამოთხე აქვე, თბილისთან ახლოს, რომელსაც წალკის, იგივე დაშ-ბაშის კანიონი ჰქვია, თუმცა არა, ყველაფერი ჯერ არ მითქვამს. ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი არ მიხსენებია, ძეგლი, რომელსაც დაშ-ბაშის სამაროვანი ჰქვია და რომელიც   სოფლის სკოლის ეზოში მდებარეობს. სამაროვანი იმითაა მნიშნელოვანი, რომ 937-38 წლებში მტკვარ-არაქსის  კულტურის (ძვ.წ. III ათასწლეული) და გვიანი ბრინჯაოს ხანის სამარხები გაითხარა. სამარხების კვალი მიწის ზედაპირზე არ შეინიშნება, რადგან  სკოლის ეზო მოსწორებულია და დიდი ნაწილი სპორტულ მოედანს უკავია…

აი, ასე: წალკის, იგივე დაშ-ბაშის კანიონის გარშემო მოგზაურობის პირველი ნაწილი დასრულდა. მალე თავად კანიონს ვესტურებით და იმ გრანდიოზულ პროექტსაც გააგცნობთ, რომელიც ბუნების ამ საოცრებას კიდევ უფრო საოცარსა და მიმზიდველს გახდის! 

ასე რომ, დროებით – მოგზაურობა გრძელდება!

0
წინა თვის ნახვები