დაშ-ბაშის კანიონის ლურჯი სიმდიდრე
დაშ-ბაშის კანიონის სანახავად წასულებს ადგილობრივები გეტყვიან, რომ აუცილებლად ტბებიც მოინახულოთ და იქვე დასძენენ, წალკის წყალსაცავის ნახვაც არ დაგავიწყდეთო. საერთოდ, წალკა, სადაც დაშ-ბაშის კანიონი მდებარეობს, წყალუხვი მხარეა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წყალი აქაურობის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
რაც შეეხება წყალსაცავს, ის მდინარე ხრამის ხეობაშია და უცნაური ფორმა აქვს – დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენაა წაგრძელებული. ნაპირები უმეტესად დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე კი – ციცაბო და მაღალი. წყალსაცავი ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, ასევე, მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობს. წყალსაცავი, ბეტონის კაშხლითურთ, თითქმის საუკუნის წინ, 1946 წელს, ამ ლავურ სერში გამომუშავებულ ვიწრო და ღრმა ხეობაში ენერგეტიკული მიზნებისათვის შეიქმნა. წყალსაცავი სეზონური რეგულირებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვალ-მარტში დაბალი დონე აქვს. წყლის დაგროვება კი აპრილში იწყება და ივლისამდე გრძელდება. ამის შემდეგ წყლის ხარჯვა იწყება. ნოემბრამდე წყლის დონე ინტენსიურად იკლებს, რაც ბუნებრივია – ამ დროს ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყალსაცავზე მდინარე ქცია-ხრამი გაედინება. წყალი ყველაზე ცივი თებერვალშია, ყველაზე თბილი კი – აგვისტოში. დეკემბრიდან მარტის ბოლომდე ყინულნაპირისი და ყინულსაფარი იქმნება. წალკის წყალსაცავზე ყინულოვანი მოვლენების საშუალო ხანგრძლივობა 82 დღეა. ყინულსაფრის სისქე თებერვალში ზოგჯერ 80 სმ-ს აღწევს. წყალსაცავი ორ – ხრამჰეს I-ს და ხრამჰეს II-ს ემსახურება.
წყალსაცავზე თევზის რეწვაა განვითარებული. წყალსაცვის სიახლოვეს, რამდენიმე კილომეტრში ხადიკის, სანთის და სხვა ტბები მდებარეობს. ხადიკის ტბა წალკის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1534 მ-ზეა. მისი ზედაპირის ფართობი 0,14 კმ-ია, აუზის ფართობი კი – 0,81 კმ². ხადიკის ტბის მაქსიმალური სიღრმე 1,6 მ-ია, საშუალო სიღრმე – 0,86 მ. წყლის მოცულობა 0,12 მლნ. მ-ია. აქვეა ბარეთის ტბაც, რომელიც დაცულ ტერიტორიად განიხილება. ტბას სახელი სოფლის სახელის მსგავსია. სხვათა შორის, სოფელ ბარეთს 2010 წლის 16 ნოემბრამდე „ბაშქოი“ ერქვა. სოფელში შუა საუკუნეების ეკლესიაა შემორჩენილი, რომელიც გადმოცემის თანახმად, 1846 წელს განახლდა. ბარეთის ტბა ზღვის დონიდან 1612 მეტრზე მდებარეობს. ნიშანდობლივია, რომ ტბას მუდმივი შენაკადი არ აქვს და ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს. ბარეთის ლურჯი ტბა წლის ყველა სეზონზე ლამაზია, შესანიშნავად, მისი სანაპიროები პიკნიკისა და ბუნებაში განტვირთვისთის იდეალური ადგილია. სხვათა შორის, კომუნისტები, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბარეთის ტბის წყალს სარწყავად იყენებდნენ. მერე, საბჭოთა წყობა რომ დიანგრა, ინფრასტრუქტურაც განადგურდა და ამის გამო ტბა სათანადოდო ვეღარ ივსება. „კლიმატის ცვლილებები კიდევ უფრო დაამძიმებს ბარეთის ტბის მგრძნობიარე მტკნარი წყლის ეკოსისტემის მდგომარეობას, რომელიც ადამიანის ჩარევითაც მნიშვნელოვან მავნე ზემოქმედებას განიცდის,“ – ამბობენ სპეციალისტები.
ბარეთის ტბა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მაღალი ღირებულებისა და იგივე ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბარეთის ტბა საინტერესოა მცენარეულობით. ნაპირის მცენარეულობაში ბევრია ლაქაში, ლისი, ჭილი, წყლის ბაია, წყლის მატიტელა. წყლის ზედაპირზე კი ამოტივტივებულია დუმფარას ფოთლები და დიდი ლამაზი თეთრი ყვავილები. ხადიკის ტბაც წალკის წყალსაცავის, ასე ვთქვათ, აუზსს მიეკუთვნება. კერძოდ, წყალსაცავის სამხრეთით მდებარეობს. თუ ტბების მონახულება თქვენი ჰობი და გატაცებაა, მაშინ დაშ-ბაშის შემოგარენი ისე არ უნდა დატოვოთ, რომ ჩაპაევკის ტბაც არ ნახოთ. ასევე, მოინახულეთ ჯამუშის ტბაც, რომელიც ატმოსფერული ნალექებითა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. დეკემბრიდან მარტამდე ტბის ზედაპირი ყინულით იფარება. ტბის შემოგარენი წიწვნარითაა შემოსილი. ზაფხულობით ჯამუშის ტბა საპიკნიკე და საკემპინგე აქტივობებისთვის შესანიშნავი ადგილია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ წალკაში მეთევზეობაა განვითარებული. ეს კი არადა, იგივე წალკის წყალსაცავზე მეთევზეობის ტურნირებიც ეწყობა ხოლმე. ამ მხარეში თევზის უამრავი სახეობა, ასე ვთქვათ, ბინადრობს, მაგალითად, წვერა, მურწა, ქაშაპი, ღორჯო თუ ხრამული ნაფოტა, თუმცა ამ მხრივ წალკის სავიზიტო ბარათი კი მაინც კალმახია. ეს კი არადა, ხალხური მითოსით, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთის, ანუ ყოფილი ოლიანკას სამი მღვდელმთავრის მამათა მონასტრის საკურთხევლის ქვეშ, წყაროში მკურნალი კალმახები ბინადრობენ. ამბობენ, რომ კალმახები ადამიანებს უამრავი დაავადებისგან კურნავენ. შეიძლება, მითების არ გჯერათ, მაგრამ გახსოვდეთ: თქვენ ტურისტი ხართ. ჰოდა, დაშ-ბაშის კანიონის სანახავად ჩასულებმა სასწაულმოქმედი კალმახებიც რომ ნახოთ, არაფერი დაშავდება. მერე კი, „კასს ლენდის“ რესტორანში შეგიძლიათ, საკალმახის კალმახიც დააგემოვნოთ.