დაშ-ბაშის კანიონი – ტურისტების „აღთქმული მიწა“

 

წალკის, იგივე დაშ-ბაშის კანიონი ტურიზმისთვის ნამდვილი გრანტია და ამაზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კანიონის და მის გარშემო არსებული ბუნება ყველაზე ფლეგმებსაც კი აღაფრთოვანებთ.

აი, მას შემდეგ კი, რაც კომპანია „კასს ლენდმა“ კანიონსა და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაწყვიტა, აქაურობა ნამდვილ ზღაპრულ ადგილს დაემსგავსება. „კასს ლენდის“ მთავარი საოცრება ე.წ. ბრილიანტის ხიდი იქნება, თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა კი პროექტის დეტალებს გავეცნოთ.

დავიწყოთ იმით, რომ „კასს ლენდის“ პროექტის ტერიტორია სოფელ დაშ-ბაშში მდებარეობს, აი, იქ, თბილისი-კოჯორი-წალკის მთავარი გზიდან რომ გადაუხვევთ და, მაქსიმუმ, საათს ივლით. კომპანიამ ეს ტერიტორია იჯარით აიღო და მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსს აწყობს.

ნიშანდობლივია, რომ საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ, მთლიანი ინფრასტრუქტურა  დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცემა.

ვიზიტორთა ცენტრი, ორი რესტორანი, ღია აუზი და ტერასები; ავტომობილების და ავტობუსების ღია სადგომი,  ხეობის გაყოლებაზე საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პუნქტები, 240-მეტრიანი შუშის ხიდ, რომელიც მდინარე ხრამის ორ ნაპირს დააკავშირებს – ეს „კასს ლენდის“ პროექტის ძირითადი თეზისებია.

სხვათა შორის, კომფორტული ვიზიტორთა ცენტრი უკვე აშენებულია. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს რესტორნის და ზემოხსენებული ხიდის მშენებლობა (სამშენებლო სამუშაოებს „ელიტა ბურჯი“ ახორციელებს). 

ვიზიტორთა ცენტრი ხედით კანიონის მხარეს, ტერასულადაა განთავსებული. ასევე განთავსდება ტერასები. საერთოდ, რელიეფიდან გამომდინარე, ამ ორ შენობას შორის ტერასები მოეწყობა და ყველაფერი ეს ერთ არქიტექტურულ კომპლექსს შექმნის. ტერასები ერთმანეთთან კიბითა და პანდუსებით იქნება დაკავშირებული.

სხვათა შორის, დაშ-ბაშის კანიონში ჩასასვლელად საცალფეხო ბილიკები უკვე მოწყობილია. ჰოდა, თუ ექსტრიმი გიყვართ, კანიონში შეგიძლიათ, ფეხით ჩახვიდეთ და გზადაგზა ულამაზესი ხედებით დატკბეთ, მაგრამ თუ ექსტრიმი მაინცდამაინც არ გიზიდავთ, მაშინ „კასს ლენდი“ კომფორტულ ტურს გთავაზობთ – კანიონში კომპანიის მანქანით ჩახვალთ და უკანაც იგივე ტრანსპორტით ამოხვალთ. ეს სიამოვნება მაინცდამაინც ძვირი არ დაგიჯდებათ – 8 ლარად კომფორტულადაც იმგზავრებთ და, ასე ვთქვათ, ველური ბუნებითაც დატკბებით.

სიტყვამ მოიტანა და, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე პროფესიონალი რეინჯერები ზრუნავენ. შესაბამისად, იმის შიში არ უნდა გქონდეთ, რომ დაიკარგებით ან სადმე წაბორძიკდებით – რეინჯერების არწივისებურ მზერას ყველგან იგრძნობთ!

ისე, ქალბატონებს ერთ რჩევას მივცემ: დაშ-ბაშის კანიონში რომ წახვალთ, აუცილებლად სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვით, თორემ „ქუსლები“ დაგტანჯავენ – ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ ველურ ბუნებაში ხართ და ცოტა ხნით მოდის ტენდენციებზე უარს თუ იტყვით, არაფერი დაშავდება!

აი, იქ, კი, სადაც ჩანჩქერების ოაზისი იწყება, წყარო შეგხვდებათ, რომელსაც ადგილობრივები „ზვიადის წყაროს“ ეძახიან. ბევრი გეტყვით, სიმართლესთან კავშირი აქვს თუ არა, მაგრამ ხალხური თქმულებით, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, საქართველოს რომ ტოვებდა, ერთი ღამე, თურმე, სწორედ აქ, კანიონში გაუთენებია…

საერთოდ, ადამიანებს ლეგენდები და მითები გვიყვარს. შეიძლება, „ზვაიდის წყაროს“ ამბავიც ჩვეულებრივი მითია, მაგრამ დაშ-ბაშის კანიონს ასეთი მითები უფრო მისტიკურს ხდის. მისტიკა კი, რომელიც ტურისტებს თავბრუს დაახვევს, აქ მრავლადაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩანჩქერების კომპლექსი, მართლაც, არამიწიერის შთაბეჭდილებას ქმნის და როცა ყველაფერ ამას უყურებ, ხვდები, ბუნება სასწაული შემოქმედია!

დიახ, დაშ-ბაშის კანიონში ბევრ ისეთ რამეს ნახავთ, რაც აქამდე არასოდეს და არსად გინახავთ. აი, მაგალითად, ე.წ. დამშრალი ჩანჩქერი მხოლოდ აქაა, ანუ ჩანჩქერი წლის სეზონების მიხედვით, ასე ვთქვათ, აქტიურდება – წყალუხვობის დროს „ღრიალებს“, გვალვის დროს კი ორ კლდეს შუა დარჩენილი ადგილი იდუმალების განცდას აჩენს… 

რაც შეეხება ხიდს, რომელიც წეღან ვახსენე, წარმოიდგინეთ, ზღვის დონიდან 1110-1448 მ სიმაღლეზე ხართ და ორ კლდეს შორის გადებულ ხიდზე მიდიხართ. ამაზე მეტი ადრენალინი რაღა უნდა იყოს? ხიდის შუაში მისულს კი ბრილიანტის კაფე გხვდებათ. იცით, ამ კაფეს „ბრილიანტი“ რატომ დაარქვეს? – იმიტომ, რომ ბრილიანტის ფორმა აქვს! 

შეიძლება, სუსტი გული გაქვთ, მაგრამ გირჩევთ, სიმაღლის ფობია დაძლიოთ და ხიდიდან კანიონში გადაიხედოთ, მერწმუნეთ, თქვენს თვალწინ არამიწიერი სილამაზე გადაიშლება, სილამაზე, რომელმაც შესაძლოა, თქვენში პოეტიც გააღვიძოს!..

თქვენ არ ვიცი, პირადად მე კი, დაშ-ბაშის კანიონში ერთ-ერთი, რამაც მომნუსხა, ქვებია. დიახ, აქაურობა რაღაც განსაკუთრებული ქვებითაა სავსე. მომინდა კიდეც, ერთი ქვა წამომეღო, მაგრამ კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და შესაბამისად, იქიდან ქვის კი არა, კენჭის წამოღებაც დანაშაულია!

სხვათა შორის, დაშ-ბაშის კანიონი ევროპის კანიონებს შორის ერთ-ერთი დიდია და მისი ფართობია 669 ჰექტარია, სიგრძე კი 8 კმ-ს აღწევს.

თუ დაშ-ბაშის კანიონის ნახვა უკვე გადაწყვიტეთ, მაშინ კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ – აუცილებლად მოინახულეთ „კასს ლენდის“ „ფეისბუქის“ გვერდი – https://www.facebook.com/tsalkacanyon/. ამ ვირტუალური მოგზაურობით დაშ-ბაშის კანიონის ნახვის სურვილი ორ-სამჯერ გაგიცხოველდებათ და იმასაც გაიგებთ, რომ კანიონის სამუშაო საათები სამშაბათსა და კვირას 10:00-18:00 საათამდეა, ორშაბათს კანიონი ისვენებს.

დაცულ ტერიტორიაზე შესვლის სტანდარტული ბილეთი 19 ლარი ღირს,  საქართველოს მოქალაქეებისთვის – 11 ლარი. 18 წლამდე მოზარდებისთვის 50%-იანი  ფასდაკლება მოქმედებს, 6 წლამდე ბავშვებისთვის კი კანიონში შესვლა უფასო. 

აუცილებლად გაითვალისწინეთ:

* წალკის კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასასვლელად ვიზიტორის სიმაღლე 1,2 მ-ს უნდა აღემატებოდეს.

  • ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, წალკის კანიონის ბილიკი დაკეტილია წვიმის, ძლიერი ნისლისა და თოვლის დროს
  • კანიონში ჩასასვლელი ბილიკის გადასალახად მრავალი კიბის გავლაა საჭირო, რაც ქმნის სირთულეებს პირებისთვის, რომლებსაც ფიზიკურად უჭირთ გადაადგილება
  • ტერიტორიაზე არ დაიშვება შინაური ცხოველი
  • ტერიტორიაზე გადასაადგილებლად აუცილებელია შესაფერისი სალაშქრო ან სპორტული ფეხსაცმელი
  • ტერიტორიაზე აუცილებელია ბილიკზე სიარული, ბილიკიდან გადასვლა აკრძალულია
  • აკრძალულია ბანაობა და თევზაობა
  • სასურველია, იქონიოთ საწვიმარი

ისე, დაშ-ბაშის მხარეში კულტურის მატერიალური ძეგლების პარალელურად, არამატერიალური კულტურის ნიმუშების გაცნობითაც ისიამოვნებთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მრავალეთნიკური ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციული სამზარეულოთი და ფოლკლორით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ წალკაში სვანები და აჭარლები ჭარბობენ. ამიტომ, აქ ჩასულებმა აუცილებლად უნდა ნახოთ სვანური „ფერხული“, დააგემოვნოთ თაშმიჯაბი, ჭუნირი, ნამდვილი სვანური მარილი,  ფეტვიანი ხაჭაპური, კუბდარი და რძის პროდუქტებისგან დამზადებული აჭარული კერძები – ყველი, კაიმაღი და ბორანო.

ამასთან, „ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალსაც“ უნდა გაეცნოთ…

კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ: დაშ-ბაშის მხარეში ჩასულებმა აუცილებლად მოისმინეთ ლეგენდა, მაგალითად, „უკვდავების წყაროსა“ და „არწივთა სამყოფელზე“. 

„არწივათა სამყოფელი“ სოფელ ჯინსში, რომლის ძველი სახელწოდებაც არწივიანია, სადაც შეხვდებით არწივების ბუდეებს.

1830-1833 წლებში ჩამოსახლებულმა ბერძნებმა სოფელს ჯინისი უწოდეს. სხვათა შორის, ამავე სახელწოდების სოფელი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეც,

ანატოლიის მხარეში არსებობს.

ლეგენდის თანახმად, ჯინისი ძველი ბერძნული სიტყვაა  „სუფთა წყალს“ ნიშნავს. მეორე ვერსიით კი, სპარსული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც

სამოთხე. ეს სოფელი წყლების სიუხვით გამოირჩევა, ამიტომაც მოეწონათ ბერძნებს ეს სოფელი. აქვე ჩამოედინება მდინარე, რომელსაც ქორსუს უწოდებდნენ, რაც თურქულ დიალექტზე „ბრმა წყალს“ ნიშნავს. ეს სახელი, ალბათ, იმიტომ დაარქვეს, რომ ამ მდინარეს წყალდიდობები ახასიათებდა.

მოკლედ, დაშ-ბაშის კანიონი ტურისტებისთვის ნამდვილი „აღთქმული მიწაა“, მიწა, რომელიც ხელს მთელი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას აქტიურად შეუწყობს.

0
წინა თვის ნახვები