ის, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, ახალი ამბავი არ არის. ისიც ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე სხვადასხვა ეროვნებისა რჯულის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამ მხრივ კი წალკის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით გამორჩეულია, ანუ აქ, ქართველებთან ერთად, მრავლად სახლობენ სომხები, ბერძნები, აზერბაიჯანელები, რუსები… გარდა ამისა, წალკამ ბოლო წლებში აჭარელი ეკომიგრანტებიც არაერთხელ შეიფარა.
საერთოდ, წაკლის ქრონიკები, ქვეყნის ისტორიის მსგავსად, ერთობ საინტერესოა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დაშ-ბაშის კანიონის მხარე დიდი ეროვნული მრავალფეროვნებით გამოირჩევა და აქ ქართველების გვერდით ბერძნები თუ სომხები დიდი ხანია, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.
სხვათა შორის, წალკელი ბერძნები ე.წ. პონტოს ბერძნების შთამომავლები არიან. ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოში პონტოელი ბერძნების პირველი დასახლებები მე-18 საუკუნეში გაჩნდა. გადმოცემის თანახმად, პონტოელი ბერძნები თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან, კერძოდ, აღმოსავლეთ ანატოლიიდან ერეკლე მეორეს მეცადინებით გადმოსახლდნენ, ანუ „პატარა კახმა“ მუშები და ხელოსნები ახტალის სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს საბადოების დასამუშავებლად მოიწვია და ისინი სოფელ მისხანში დაასახლა.
მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1806-1807 წლებში, ბერძენთა ნაწილმა ფეხი ქვემო ქართლში მოიკიდა.
გავა რამდენიმე წელი და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ვილაიეთებიდან ქრისტიანი ქართველები, ბერძნები და სომხები თავს ამიერკავკასიას შეაფარებენ – 1828-1829 წლების თურქეთის ომის შემდეგ მათ, როგორც ქრისტიანებს დევნიან. დევნილები საქართველოში რამდენიმე ეტაპად შემოვლენ და უმთავრესად წალკის რაიონში დასახლდებიან. გადმოსახლებულები თავისუფალ პირებად ითვლებიან და ამიტომ ხაზინას მიეკუთვნებიან. თურქეთიდან ჩამოსულები ბინას ნასოფლარებში იდებენ და ქართველების მიერ მიტოვებული წისქვილებით თუ კარაქის სადღვებებით სარგებლობენ.
თრიალეთის ტრადიციულ სოფლებში ჩასახლებულები ძირძველ ადგილობრივ ტოპონიმებსაც ცვლიან და სოფლებს მშობლიური მხარის სახელებს არქმევენ. ასე უწოდეს ერძანს ბარმაქსიზი, თეზს – ავრანლო, წალკას – გუნიაკალა, კოხთას – სანამერი, ქვემო ახალშენს – კირაკი, ზემო ახალშენს – ბაშკოი, ეძვენა-სოფელს – შიპიაკი, უწყლოს – სანტა, გველფარეხას – კუშჩი, საბატეს – დარაკოვი.
გარდა ამისა, თურქეთიდან გამოქცეულები ზოგ ადგილობრივ დასახელებას თავისებურად, ასე ვთქვათ, მოიაზრებდნენ, მაგალითად, ბეშკენა-შენი ბეშთაშენად აქციეს („ბეშტაშ“ თურქული სიტყვაა და „ხუთ ქვას“ ნიშნავს). ერთ-ერთ სოფელს ედიქილისა იმიტომ უწოდეს, ეს სიტყვა თურქულიდან „შვიდ ეკლესიას“ ნიშნავს. ამ სოფელში კი, მართლაც, შვიდი ეკლესია იყო და არის.
იგივე მოხდა სოფელ ტაქქილისაზეს შემთხვევაშიც – „ტაქქილისაზე“ თურქულად „ერთ ეკლესიას“ ნიშნავს და ამ სოფელში ერთი, ბაზილიკის ტიპის ეკლესიაა.
სოფელ ქვემო ავლადს კიზილქილისა შეარქვეს, რაც თურქულად „წითელ ეკლესიას“ ნიშნავს. ხალხური გადმოცემით, ამ სოფეში წითელი ქვისგან ნაშენი ეკლესია ყოფილა, რომელიც დანგრეულა.
ასე და ამგვარად: წალკაში თურქული გეოგრაფიული ნომენკლატურა გაჩნდა, რაც დღემდეა შემორჩენილი.
ამასობაში, გეორგიევსკის ტრაქტატიც დაიდება და ნიკოლოზ პირველი რუსული კოლონიზაციის ე.წ. სამხედრო დასახლებების შექმნას იწყებს, ანუ დემობილიზებულ რუს ჯარისკაცთა კოლონიები ეწყობა. იმპერატორის გადაწყვეტილებით, 15-წლიანი სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, რუს ჯარისკაცებს დაოჯახებისა და საქართველოში სამუდამოდ დარჩენის უფლება მიეცათ. ეს სამხედრო-სამიწათმოქმედო წოდების იძულებითი ორგანიზაცია, ანუ ჯარის განსაკუთრებული ფორმა გახლდათ, რომელიც სამხედრო სამსახურს სოფლის მეურნეობასა და ხელოსნობას უთავსებდა და სამხედრო უწყებას ექვემდებარებოდა. ჯარების ბანაკებთან ახლოს, ანუ იქ, სადაც სამხედრო ორგანიზაციები არსებობდა, რუს კოლონისტებს მთავრობამ საუკეთესო მიწები დაურიგა, ხელისუფლება მათ ფინანსურად ეხმარებოდა, აძლევდა შეღავათებს, ათავისუფლებდა გადასახადებისაგან. მოგვიანებით, ეს დასახლებები სოფლებად გადაიქცა.
1837 წლიდან ასეთი სოფელ-დასახლებები წალკაშიც ჩნდება. სწორედ ასე მომრავლდნენ ეთნიკური რუსები დაშ-ბაშის მხარეში.
სხვათა შორის, საუკუნეების წინ წალკა მხოლოდ ერთი სოფელი ყოფილა.
„მდინარე მოერთვის ჩრდილოდამ, საბატეს, ქციას. მას ზეით ქციის კიდეზე არს ეკლესია გუმბათიანი წალკას და წალკას ზის ეპისკოპოსი თრიალეთისაო“. საიდანაც წალკა სოფელი ჩანს, თვითონ ზეგანი თრიალეთია,“ – წერს ვახუშტი.
ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ნიკო კეცხოველი კი წიგნში „კიდევაც დაიზრდებიან…“ აღნიშნავს:
„დღეს „წალკად“ მოიხსენიებენ მთელ ზეგანს, ისტორიულად კი წალკა ერთი სოფელი ყოფილა.“
რაც შეეხება მოსახლეობის საერთო რაოდენობას, 2014 წლის საყოველთაო აღწერით, წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 18 849 ადამიანს შეადგენს, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის, დაახლოებით, 0,5%-ია. აქედან 53% მამაკაცია, 47% კი – ქალი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 84% სოფლად ცხოვრობს, 16% კი – ქალაქად.
იქიდან გამომდინარე, რომ წალკა მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია, კულტურა და ტრადიციებიც მრავალფეროვანია. შესაბამისად, დაშ-ბაშის კანიონში ჩასულებმა შეგიძლიათ, ერთდროულად ქართული კერძებიც დააგემოვნოთ, ბერძნულიც, სომხურიც და აზერბაიჯანულიც, თუმცა აქაურობის მთავარი, ანუ კერძთა-კერძი მაინც კალმახია.
კალმახი წითელ წიგნშია შეტანილი და მდინარეებში მისი დაჭერა არ შეიძლება, თუმცა არსებობს საკალმახე მეურნეობები და შესაბამისად, კალმახის რეწვაც კანონიერია.
სხვათა შორის, დაშ-ბაშის კანიონის ჩანჩქერების, ასე ვთქვათ, მორევში კალმახები თავისუფლად დანავარდობენ და ვიზიტორების დანახვაზეც არსად გარბიან.
მოკლედ და კონკრეტულად, მერწმუნეთ, დაშ-ბაშის კანიონის მონახულება ნამდვილად ღირს, ღირს იმიტომ, რომ ყოველდღიურ რუტინას ცოტა ხნით მაინც გაექცევით.
ასე რომ, წინ, დაშ-ბაშისაკენ!